გაფორმება და სპეცეფექტები
http://heidelberg.ge/ka/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%AD%E1%83%93%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98#sigFreeId7f1fc8d9d3
მაღალი ხარისხის პროდუქცია დროთა განმავლობაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება პოლიგრაფიის სფეროში. უკანასკნელი წლების განმავლობაში, შეინიშნება მოთხოვნა პოლიგრაფიული პროდუქციის დეკორატიულ გაფორმებაზე. ეფექტური დიზაინი და ხარისხიანი შესრულება, უბრალოდ აუცილებელია კონკურენტუნარიანობისთვის. ხოლო მიმზიდველი პროდუქტი, მომხმარებელს მისი შეძენისკენ უბიძგებს.
აღნიშნულ ტენდენციას მხარს უჭერს გარკვეული გაუმჯობესებები. მაგალითად, სხვადასხვა გაფორმებების და ეფექტების მიღება ანაბეჭდის ერთი გატარებით (ხაზში). პროგრესი განსაკუთრებით შეინიშნება ლაქირებაში. დღეს, დიდი რაოდენობით ახალი ტიპის ლაქები გამოჩნდა ბაზარზე, რომლებიც ძალიან ადვილია გამოყენებაში. აქვთ უამრავი სხვადასხვა ეფექტები, რაც დიზაინერებს საშუალებას აძლევს თავიანთი ფანტაზიები მაქსიმალურად გამოიყენონ.
ცივი დაწნეხვა ფოლგით
ადრე გამოყენებული მაღალი დაწნეხვით ან ფლექსოგრაფიული ბეჭდვის ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, მოწყობილობა FoilStar, სტანდარტული ოფსეტური ბეჭდვის ორ სექციას იყენებს. პირველ სექციაში ოფსეტური საბეჭდი ფირფიტით, შერჩევით ან მთლიან ფურცლის ანაბეჭდზე გადადის წებო.
მეორე სექციაზე დაყენებულია ფოლგის მიწოდების მოწყობილობა. ფოლგა მიეწოდება საბეჭდ სექციაში წნევის ქვეშ, ანაბეჭდთან ერთად, რომელიც დაფარულია წებოთი. ფოლგა რჩება მხოლოდ იმ ადგილებში სადაც წებო იყო წასმული. ამგვარად შეგვიძლია მივიღოთ სხვადასხვა ეფექტები. ერთდროულად შესაძლებელია სხვადასხვა სიგანის ერთიდან ექვსამდე სხვადასხვა რულონის გამოყენება, რაც თავის მხრივ ფოლგის გამოყენების ეკონომიურობას და მოქნილობას უწყობს ხელს. დამატებითი მოხერხებულობა გამოიხატება იმაში, რომ ოფსეტური მანქანის ორივე სექციის გადართვა მარტივად შესაძლებელია ჩვეულებრივ საბეჭდ სექციებად.
Drip-off ეფექტი
Drip-off ეფექტი ლაქებით, წყლის ფუძეზე.
იბეჭდება ჩვეულებრივი ოფსეტური საღებავით. საბეჭდი სექციიდან კი შერჩევით ილაქება ის ადგილები რომლებიც გვინდა, რომ გამოჩნდეს მქრქალი (მატი). შემდეგ ლაქირების სექციიდან სრულად იფარება პრიალა ლაქით. პრიალა ლაქი „ქრება“ იმ ადგილებში რომლებიც წინასწარ მქრქალი ლაქით იყო დაფარული. აქედან გამომდინარე აღნიშნული ადგილები რჩება მქრქალად და დანარჩენი იღებენ პრიალა ეფექტს.
კომბინირებული, ანუ UV drip-off ეფექტი.
ბეჭდვა ხორციელდება UV ან ჰიბრიდული საღებავებით. საბეჭდ სექციაში ლაქირების სექციამდე, იმ ადგილებზე, რომლებიც უნდა გამოჩდნენ მქრქალი, ილაქება სპეციალური UV ლაქით. შემდეგ ლაქირების სექციით ხორციელდება ლაქის სრული დაფარვა პრიალა UV ლაქით. კომბინირებული ეფექტის მისაღებად UV ლაქის გამოყენების დროს ვიღებთ ბევრად უფრო მაღალ სიპრიალეს, ვიდრე ლაქებით წყლის ფუძეზე. თუმცა ჰიბრიდული საღებავებით ბეჭდვისას მქრქალი ეფექტი უფრო ძლიერია ვიდრე UV drip-off-ის შემთხვევაში. ეს გამოწვეულია იმით, რომ პრიალა UV ლაქი, რომელიც როგორც წესი უნდა „გაქრეს“ მქრქალ ზედაპირზე, მაინც ინარჩუნებს მცირე სიპრიალეს.
ირიოდინული ზედაპირი
ირიოდინი წარმოადგენს მარგალიტისებრი ეფექტის პიგმენტებს, რომელიც შედგება მეტალის ოქსიდების სხვადასხვა ფენებისგან. ირიოდინის საფარი მრავალფეროვან გარდამავალ ეფექტს იძლევა, რომელიც იცვლება ხედვის კუთხიდან გამომდინარე. საფარის სისქის მომატებით, ეფექტი უფრო ძლიერდება. ლაქირება ხორციელდება ლაქირების სექციიდან, კამერა-რაკელური სისტემის მეშვეობით.
ირიოდინული UV შრობის საღებავი
Speedmaster Duo-ს ერთ-ერთი უპირატესობა პლასტიკატზე ბეჭდვაა. ორი სხვადასხვა ირიოდინული საღებავის კომბინირებული ბეჭდვა წარმოდგენილია ნიმუშზე.
Speedmaster Duo-ზე პირველი ლაქის სექციით იბეჭდება ვერცხლისფერი ირიოდინული საღებავით, რაც ლურჯი ყვავილების ანაბეჭდს აძლევს მარგალიტისმაგვარ მბრწყინავ ეფექტს. შემდეგ საბეჭდი სექციებიდან იბეჭდება UV საღებავებით. ხოლო, მეორე ლაქირების სექციით ანაბეჭდი სრულად ილაქება დამცავი მქრქალი(მატი) დისპერსიული ლაქით. ბოლოს ლაქირების სექციით იბეჭდება ოქროსფერი ირიოდინული საღებავით.
ლენტიკულარული ბეჭდვა
ლენტიკულარული მასალების მეშვეობით შესაძლებელია: ანიმაციური, სტერეოსკოპული, მოცულობითი და გარდამავალი ტრანსფორმირების ეფექტების მიღება. ამდაგვარი ანაბეჭდები ამშვენებენ ჟურნალის გარეკნებს, დისკის ყუთებს, მაუსის დასადებს, ღია ბარათებს, ძვირადღირებულ შეფუთვებს და სხვა მაღალი კლასის პროდუქციას. ლენტიკულარული ბეჭდვა მოითხოვს აღნიშნული პროცესის და UV ბეჭდვის კარგ ცოდნას, და ასევე სპეციალური ბეჭდვამდელ მომზადებას. ანაბეჭდის რეგისტრში გასწორება ძალიან დიდი სიზუსტით უნდა მოხდეს, რადგან მცირე უზუსტობაც კი არასასურველ შედეგს მოგვცემს.
ლენტიკულარული ფირის პრიალა მხარეს UV საღებავების მეშვეობით ანაბეჭდი სარკისებურად იბეჭდება, შემდეგ ზედ დაიბეჭდება დამფარავი UV ბელილა. შემდეგ ასევე სრულად უნდა დაიფაროს დამცავი UV ლაქის ფენით.
მეტალიზირებულ მასალებზე ბეჭდვა
შეფუთვების და ეტიკეტებისთვის ხშირად გამოიყენება მეტალიზირებულ ქაღალდებზე და მუყაოზე ან ლამინირებულ ალუმინის ფირზე ბეჭდვა. აღნიშნული მასალები არაშეწოვადია, რომელშიც საღებავი ფაქტიურად არ იჟღინთება, რაც თავის მხრივ ქმნის პრობლემებს შრობასთან დაკავშირებით. ამიტომ ასეთი ტიპის მასალებისთვის გამოიყენება სპეციალური საღებავები მეტალიზირებული მასალებისთვის, UV საღებავები ან მათი კომბინაცია იმ შემთხვევაში, თუ მანქანის კონფიგურაცია იძლევა საშუალებას.
მეტალიზირებულ ზედაპირზე, ოფსეტური საღებავებით ბეჭდვის დროს, ანაბეჭდი მეტალის ფერს იღებს. მაგალითად ბოთლის ეტიკეტის ვერცხლისფერ მეტალიზირებულ ქაღალდზე დაბეჭდილი ყვითელი საღებავი იძლევა ოქროს ფერს. სადაც არ არის საჭირო მატალიზირებული ფერის ეფექტი, საბეჭდი ან ლაქირების სექციიდან, წინასწარ იბეჭდება დამფარავი თეთრი საღებავით.